ზუგდიდში საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საკვები პროდუქტები გადაეცემათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 25 მარტიდან, სახელმწიფო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას შეძლებენ.

კომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, პროდუქტისგან დაფასოებული პაკეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რის შემდეგაც საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ.

პროდუქტის გაცემის დროს დაცული იქნება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომები. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები, შედგება გაცემის გრაფიკი, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა ახლო ფიზიკური კონტაქტი. საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სულ 4172 აღსაზრდელი ირიცხება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი