“საია” ცესკოს მოუწოდებს, სამართელბრივი რეაგირება მოახდინოს სასულიერო პირების ქადაგებებზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცენტრალურ საარჩენო კომისიას მოუწოდებს, სამართელბრივი რეაგირება მოახდინოს სასულიერო პირების ქადაგებებზე, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარცევნო აგიტაციის შემცველია.

“უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მედიაში არაერთხელ გავრცელდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ გაკეთებული წინასაარჩევნო აგიტაციის შემცველი განცხადებები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები აშკარად გამოხატავენ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისა“ და მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო პოზიციას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაავრცელა მიმართვა და მოუწოდა მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისაგან, ამა თუ იმ პოლიტიკური პირის საჯარო სივრცეში არაკორექტული მოხსენიებისაგან და ჩრდილს ნუ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ სასულიერო პირთა მხრიდან აგიტაციის შემცველი განცხადებების გაკეთება არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, მიგვაჩნია, რომ სასულიერო პირებს, მითუფრო – წმინდა სინოდის წევრებს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას, საკუთარი სტატუსიდან და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ცხოვრებაში მათი როლიდან გამომდინარე. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფომ და ეკლესიამ დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით.

მიგვაჩნია, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლებისა თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ აგიტაციის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს კანდიდატის მოსაზრებები მათთვის.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს რელიგიურ ორგანიზაციას. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით). შესაბამისად, ქორეპისკოპოს იაკობის მიერ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს აგიტაციას კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ამკრძალავი ნორმა, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შეზღუდვას სუბიექტთა განსაზღვრულ წრის მიმართ, მიზნად ისახავს, დაიცვას საარჩევნო პროცესი მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ზემოქმედებისაგან. ამის ალბათობა კი დიდია რელიგიური ორგანიზაციების მიმართ მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით. საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და სეკულარული სახელწიფოს განვითარებისთვის.

მივმართავთ:

რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს − თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნების შემცველი განცხადებების გაკეთებისაგან;

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას − შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი