2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზე მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, სასურველ საჯარო სკოლაში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი 31 ივლისის ჩათვლით დაარეგისტრიროს.
რეგისტრაციის მიზნით, მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები.
მოსწავლის რეგისტრაციას შესაბამისი საჯარო სკოლა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.
საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე – skolebi.emis.ge.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადები და 20-31 ივლისის პერიოდში სასურველ საჯარო სკოლას მიმართონ.
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზზე – (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@emis.ge.

