საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ცხრა მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

