საქართველოში ხელფასები გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7 პროცენტით, ანუ 226.7 ლარით გაიზარდა და 2 170.1 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 515.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.0 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 163.0 ლარი (გაიზარდა 5.2 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 975.7 ლარი (გაიზარდა 11.3 პროცენტით); მშენებლობა – 2 908.9 ლარი (გაიზარდა 10.8 პროცენტით).

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 744.2 ლარი, ხოლო კაცების – 2 601.3 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 204.1 ლარი (13.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 258.0 ლარი (11.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 184.2 ლარით, ანუ 9.3%-ით გაიზარდა და 2 169.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 255.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.6 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 402.5 ლარი, გაიზარდა 12.1 პროცენტით) სფეროებში.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 300.9 ლარით, ანუ 16.1%-ით გაიზარდა და 2 170.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთამთიანეთი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი