სამეგრელოს პოლიციამ საფლავების გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული ორი პირი: ბ.ლ. და ა.დ. საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სოფლებში – ჭოღაში, ნაფიჩხოვოში, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში 10 საფლავი გაქურდეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საფლავების მესრების ლითონის დეტალებს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს.

პოლიციამ ქალაქ სენაკში, ფერადი ლითონების მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო საფლავებიდან მოპარული ლითონის ფირფიტები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი