სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შესაწამლი აპარატები გადასცეს

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ სამეგრელოში, ფაროსანასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შესაწამლი აპარატები მეთხილე ფერმერებს გადასცა. აპარატების დარიგება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუდან დაიწყო, სადაც ფერმერებს პირველი 100 აპარატი უკვე გადაეცათ. აპარატების გადაცემის ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფერმერები აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამვლის ზუსტ პირობებს ადგილზე გაეცნენ.  თხილის მწარმოებელთა ასოციაცია კამპანიას – “გადავარჩინოთ თხილის მოსავალი” სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია “ფერეროსა” და USAID–ის მხარდაჭერით ახორციელებს. ასოციაცია სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს და თხილის მოვლისა და შეწამვლის ყველა ეტაპზე სამუშაო პროცესს კოორდინირებას გაუწევს. კამპანია მიზნად ისახავს ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შესახებ ფერმერების ინფორმირებას, თხილის ბაღის მოვლის პროცესების მართვას და თხილის მაღალხარისხიანი მოსავლის მიღებას. 1 თვის განმავლობაში ფერმერებთან სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში 200-მდე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრებზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კოორდინატორებმა და ტრენერებმა ფერმერებს თხილის ბაღის შეწამვლის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და პროექტში ჩართვის მსურველ ფერმერთა განაცხადებიც მიიღეს. ამ ეტაპზე, თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტში 15 000 მდე ფერმერია ჩართული.

კომენტარები

დატოვე კომენტარი