23 აპრილს ძლიერმა ქარმა სამეგრელოში 12 მრავალსართულიან კორპუსს და ათობით კერძო საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სახურავები დაზაინებულია საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე. სტიქიამ მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, აბაშის, ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტებში. ძლიერი ქარმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები და ბოძები.
სტიქიის გამო შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. პრობლემურ ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ როგორც მუნიციპალიტეტის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
გუბერნატორის ადმნისტრაციის ინფორმაციით, წუხელვე დაზიანებული სახლების დროებითი გადახურვა მოხდა. დაზიანებული კორპუსების აღდგენითი სამუშაოები კი დღეიდან დაიწყება. მოხდა გზების დაზიანებული ხეებისგან მოსუფთავდებაც, წაქცეული ხეები მოიჭრა ეზოებსა და სკვერებში.
ამ დროისთვის, ელექტრო ენერგიის მიწოდება ყველა რაიონულ ცენტრში აღდგენილია, ელექტრო ენერგიის გარეშე მხოლოდ ზუგდიდის და წალენჯიხის რამდენიმე სოფელი რჩება, დაზიანებულ კერებზე სამუშაოები “ენერგო პრო ჯორჯიამ” დილიდან დაიწყო და ელ. მომარაგება ყველა აბონენტს დღეს აღუდგება.
ქარის შედეგად დაზიანდა სამი საჯარო სკოლის სახურავი წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. სამივე სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა და გადახურვის სამუშაოები დღესვე დაიწყება. ქარის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა ჩხროწყუს მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღი, სადაც დროებითი გადახურვა მოხდა და სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.
ქარმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, სადაც დაზიანდა 12 მრავალბინიანი კორპუსის სახურავი და ნაწილობრივ დააზიანა 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი. მრავალბინიანი კორპუსების სახურავები დაზიანდა ჯვარში, წალენჯიხაში, ფოცხოეწერსა და ზღვაიას დასახლებაში.
ძლიერმა ქარმა კერძო სახლების სახურავები ნაწილობრივ დააზიანა ზუგდიდის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებშიც.
ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტებში მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.