ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით ბეჭვაიას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ბეჭვაია სამი ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.
მოსამართლე ნატრული აკობიას მიერ განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ოვაციები მოჰყვა. მოკლულის ოჯახის წევრები და ნათესავები სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას და განცხადებით მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
დავით ბეჭვაიას სასამართლოს შენობიდან გამოყვანის დროს კი ვითარება დაიძაბა, რადგან მოკლულების ახლობლებმა ბადრაგის მანქანასთან მიახლოება სცადეს, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა კი მათ ამის საშუალება არ მისცეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული დავით ბეჭვაია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, დავით ბეჭვაიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩუბინიძეს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფირჩხაძეს, 1964 წელს დაბადებულ მერაბ აბესაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით ვაჭრობდნენ.