სამხრეთ კორეამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიას სამარშრუტო მანქანა აჩუქა

კორეის მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას 5 სამარშრუტო მანქანა საჩუქრად გადასცა. მათგან ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას გადაეცა. გადაცემის  ოფიციალური ცერემონია „ჰიუნდაის“ ცენტრში გაიმართა.

ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი დაესწრნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა კორეის მთავრობას საჩუქრისთვის  მადლობა გადაუხადა:

“მადლობა საჩუქრისთვის და იმ ყურადღებისთვის რასაც თქვენ იჩენთ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ. ჩვენს რეგიონში ხორციელდება ძალიან დიდი კორეული ინვესტიცია, ვგულისხმობ ნენსკრა ჰესს, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენს რეგიონში,რომელსაც კორეული კომპანია “K Water” საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს” – აღნიშნა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  კი ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოსა და სამხრეთ კორეის  განსაკუთრებულ თანამშრომლობას,  როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„წელს, საქართველო და კორეა აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება ამ თარიღსაც ეძღვნება. დღევანდელი ღონისძიება იმართება კორეის მთავრობის და საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივ პროექტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ტექნიკურ დახმარებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა 5 მინი ავტობუსი. მანქანების საერთო ღირებულება 200 000 ამერიკულ დოლარამდეა“ – აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.

დღესვე, კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი