ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭო წევრების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წევრთა ნაწილმა  საბჭოს შემადგენლობა დატოვა.

ირაკლი ყალიჩავა, არჩილ თოდუა, კახა ჯიქია, გიორგი შელია, ეკა მინჯორაია და ინგა შონია, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2017 წლის 22 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას ქალაქ ზუგდიდისა და თემი ზუგდიდის ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანების მხარდაჭერის საკითხს ეხმიანებიან და აღნიშნულთან  დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ:

„საბჭო თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის გაუქმების იდეას. როგორც საბჭოს წევრებს, ასევე ქალაქ ზუგდიდის მცხოვრებთა უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სურვილის განხორციელება ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესს.

სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ 2017 წლის 19 მაისს გავრცელებული მოწოდების მიუხედავად არც ქალაქ ზუგდიდის მერს, არც ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში არ გამოუხატავთ მკვეთრი და მკაფიო პოზიცია თვითმმართველი ქალაქების გაუქმების წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროა, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლებისაგან მიღებული დირექტივისათვის და არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებები.

ამ პირობებში ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ვიყოთ ქალაქ ზუგდიდის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრები და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ მას.“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი