საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც დაახლოებით 1200 ადამიანი დააკავეს.
BBC-ის ცნობით, საფრანგეთის მთავრობამ მომხდარს „ძალადობის ესკალაცია“ უწოდა, ქუჩებში კი, სავარაუდოდ, 550 000-მდე ადამიანი გამოვიდა.
მედიის ცნობით, პარიზში, მწვავე დაპირისპირება იყო პოლიციის სპეცრაზმთან, რომელმაც მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.
დასავლური მედიის თანახმად, რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა ძარცვის ფაქტები, ასევე გავრცელდა ცნობები ვანდალიზმის შესახებ, რომლის სამიზნეც მერიის შენობები და კომერციული ობიექტები გახდა. დღის განმავლობაში ქუჩებში ცეცხლი ენთო, გადაწვეს სატრანსპორტო საშუალებები. დაარბიეს მაღაზიებიც.
პრემიერ-მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა, რომ არეულობის შედეგად 150 პოლიციელი დაშავდა.
ლიონში ქალაქის მერმა, გრეგორი დუსემ, ტურისტული ოფისის დაწვა „ტრაგედიად“ შეაფასა. მან ტელეკომპანია BFMTV-ს განუცხადა: „ეს გულს გვიკლავს, რადგან საუბარია ძალიან მნიშვნელოვან, ცნობილ ისტორიულ შენობაზე“.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, „აგრესიულად განწყობილმა პირებმა“ ხელი შეუშალეს მეხანძრეებს ხანძრის უსაფრთხოდ ჩაქრობაში.
ახალგაზრდების ჯგუფმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი „პაციფისტები“ არიან და „უბრალოდ ცდილობენ, რამე შეცვალონ, თუმცა არაფერი იცვლება“.
წყარო: ipn

