საქართველომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან(EFTA) გააფორმა, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს.
დოკუმენტს დღეს ბერნში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტისა და EFTA-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა იოჰან შნაიდერ-ამანმა და EFTA-ს ქვეყნების მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ისტორიულ მოვლენად შეაფასა.
“ეს მოხდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ კიდევ გვწამს ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის და ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილნი მისი მომავლისადმი. საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს მსგავსი მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია თავისუფალი ვაჭრობა. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა EFTA. იმ რწმენიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი ვაჭრობა განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევის საშუალებაა, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, EFTA საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტებს ადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის დიდი პატივია სავაჭრო პარტნიორობის დამყარება იმ პარტნიორთან, რომელიც, ჩემი აზრით, თავისუფალი ვაჭრობის განსახიერებაა”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს არჩევანი, გააფართოოს თავისუფალი ვაჭრობა, გაცილებით უფრო ახალია. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს და გასული 25 წლის მანძილზე, ქვეყანამ საოცრად ბევრს მიაღწია.
“ეს განსაკუთრებით ეხება ვაჭრობის სფეროს: საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება, აქვს თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, აქვს პრეფერენციული ექსპორტის რეჟიმი აშშ-სთან, კანადასთან, იაპონიასთან. წლის ბოლოსთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ველით ჩინეთთან. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებათა ქსელი, რომელიც მას 2 მილიარდ მომხმარებელზე მეტის დაფარვის საშუალებას მისცემს. ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი, შევქმნათ თავისუფალი, წარმატებული და დინამიური ეკონომიკა, რომელიც იზიდავს ინვესტორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში, რომელსაც აქვს სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტები, კორუფციის დაბალი დონე და გამარტივებული საგადასახადო სისტემა, ასევე ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემო. მე ვამაყობ იმ გარემოებით, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბიზნესის წარმოების სიმარტივით მსოფლიოში მე-24 ადგილს ვიკავებთ; ხოლო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქის მიხედვით საქართველო მე-9 ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით. მშპ-ს ჯამური ზრდა გასული ხუთი წლის მანძილზე 4,9%-ს შეადგენდა და ყველა მოწინავე სარეიტინგო სააგენტო ჩვენ სტაბილურ ქვეყნად მიგვიჩნევს. საერთო ჯამში, საქართველო უცხოური კომპანიების მიერ ინვესტიციების განსახორციელებლად უსაფრთხო და მიმზიდველი ადგილია. საქართველო უკვე ხდება ბიზნესის წარმოების რეგიონალური ცენტრი. გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილას – ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე ვართ განლაგებულნი. თანამედროვე აბრეშუმის გზის აღდგენა კი საქართველოს ვაჭრობის, ლოგისტიკურ და მომავალ სატრანსპორტო ცენტრად აქცევს – ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს და ეს გარემოება ძალიან იმედისმომცემია”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი ზრდის საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების რაოდენობას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს, მსოფლიოს მოწინავე და ყველაზე თავისუფალი ეკონომიკური სისტემების მქონე ქვეყნებთან ვაჭრობის საშუალებას აძლევს.
“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, შვეიცარიასთან, ისევე, როგორც EFTA-ს დანარჩენ სამ ქვეყანასთან, განმტკიცდება ყველა სექტორში და ჩვენ გავხდებით პარტნიორები ამ სიტყვის გაცილებით უფრო ღრმა მნიშვნელობით. ჩვენ დღეს ამას, დიდწილად, უკვე მივაღწიეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მინდა, გამოვხატო მადლობა მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფების მიმართ, მათ მიერ გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის. მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები საოცრად მოკლე ხანში დასრულდა”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საშუალება – ასე შეაფასა შეთანხმების ხელმოწერა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა იოჰან შნაიდერ-ამანმა. მისი თქმით, მოლაპარაკებები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის თებერვალში წარმატებით დასრულდა.
“პროცესის სისწრაფე, ისევე, შეთანხმების მიღწევის ხარისხი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კარგ ურთიერთობებსა და ჩვენი ორი გუნდის ბრწყინვალე თანამშრომლობაზე მიუთითებს. საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს შორის უკვე არსებობს ახლო ეკონომიკური ურთიერთობები და არსებობს მათი გაღრმავების პოტენციალი და ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება ძლიერი სტიმული, ორ ეკონომიკას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი განვითარებისთვის”, – განაცხადა იოჰან შნაიდერ-ამანმა და მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფებს, საუკეთესო შედეგის მისაღწევად მიზანდასახული მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა.
საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, წარმოებული პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე, დამატებით 14-მილიონიან, მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე შეიტანონ.
შეთანხმება საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობას; სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს; ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში; წარმოშობის წესებს, ვაჭრობის ხელშეწყობასა და საბაჟო საკითხებში თანამშრომლობას; ინვესტიციებს; ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს; სახელმწიფო შესყიდვებს; კონკურენციას; ვაჭრობაში დაცვით ზომებსა და მდგრად განვითარებას მოიცავს.