გიორგი მარგველაშვილი – სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ გაუქმებულა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრს მის უწყებაში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო, რადგან მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად უნდა იქნას მიღებული.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ  საქმის კურსში არ იყო.

”ეს არის განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მე მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები მე ამ გადაწყვეტილებებს, არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ, უნდა იყოს განხილული კოლეგიალურად, როგორც მთავრობის სხდომაზე, ისე უშიშროების საბჭოში. მე არ ვაფასებ გადაწყვეტილების სისწორეს, მე ვსაუბრობ ფორმაზე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული უფრო ინტენსიური კონსულტაციების შედეგად”, – განაცხადა პრეზიდენტმა

როგორც გიორგი მარგველშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ არის გაუქმებული არანაირი გაწვევა, არამედ არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ  თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას დღეს, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა ხელი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი