საქართველოს სუპერთასი, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქვეყნის სუპერთასის მოსაპოვებლად, ერთმანეთს საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი, „სამტრედია“ და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი, ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი „სამტრედიის„ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს ფულადი პრიზი – 50, 000 ლარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა, კუთვნილი თასი კი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს სუპერთასის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და გულშემატკივრები დაესწრნენ.