პირველი იანვრიდან ამერიკულ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის წარმოება გაუადვილდებათ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით მიმდინარე მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.
„ფაინენშელ თაიმსის“ რედაქტორმა მამუკა ბახტაძეს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შესახებ დაუსვა კითხვა, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს დონეზეა, თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია ეკონომიკური თანამშროლობის გაღრმავება.
„აშშ-ი მხარს გვიჭერს, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეს გრძელდება დღემდე. ყველა ადმინისტრაციას ეს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაჰყავდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდა, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში. დღეს ეს ურთიერთობები უმაღლესი დონეზეა. ეს არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომ აშშ-ს მსოფლიოს ამ ნაწილში, საქართველოს სახით, სანდო პარტნიორი ჰყავდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ასეც გაგრძელდება მომავალში. თუმცა, ჩვენ გვაქვს დანაკლისიც, რომლის შევსებაც აუცილებელია. მაგალითად, ეკონომიკაში. გვინდა, ვიხილოთ მეტი ამერიკული კომპანია საქართველოში. გვინდა მეტი ჩართულობა ყველა სხვა საკითხშიც, თუმცა, ეკონომიკური თანაშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, საქართველო ბიზნესისთვის და ტურიზმისთვის ე.წ. ჰაბად ვაქციოთ. ველოდებით უფრო ფართო თანამშრომლობას. პირველი იანვრიდან ჩვენ ახალ რეფორმას გავატარებთ ეკონომიკაში, საგადასახადო რეფორმას და ის გათვლილი იქნება ამერიკულ კომპანიებზე, რომ მათ საქართველოში ბიზნესის წარმოება გავუადვილოთ. ვცდილობთ, რომ აშშ-თან ურთიერთობები ყელა სფეროში იყო განვითარებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.