საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა

საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა.

შედეგების თანახმად, საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა.

180 ქვეყანას შორის საქართველო 59.3 ქულით 89-ე ადგილზეა. გასულ წელს კი, საქართველო 71.36 ქულით მე-60 ადგილს იკავებდა.

2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში კავკასიის რეგიონში ყველაზე კარგი მდგომარეობა სომხეთშია 51-ე ადგილი, ყველაზე ცუდი კი – რუსეთში 155-ე ადგილი.

ამავდროულად, მედიის თავისუფლების კუთხით პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, რომელსაც დანია, შვედეთი, ესტონეთი და ფინეთი მოჰყვებიან. ბოლო ადგილი კი, ჩრდილოეთ კორეას ერგო.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის ქვეყანაში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების უპრეცედენტო რაოდენობა იყო. მათი თქმით, ხშირი იყო როგორც სიტყვიერი თავდასხმები, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. თავდამსხმელებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს.

“2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს სამართალდამცავების თვალწინ 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. გამჭვირვალობის და გამოძიებაში პროგრესის არარსებობა იმ დაუსჯელობის შესახებ მეტყველებს, რომლითაც ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები სარგებლობენ”. – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიალანდშაფტი მრავალფეროვანია, თუმცა, ამავდროულად, მეტად პოლარიზებული. ამასთან, მედიის მფლობელები ხშირად ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას უკრძალავს, დიდი მედიების მფლობელებს ხშირად პოლიტიკურ ლიდერებთან მჭიდრო კავშირები აქვთ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი