შატილში ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შატილის გზაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ და მიმდინარე სამაშველო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინირებას.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაო ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. თავდაპირველად 12 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი