სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განუცხადა, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება.

უწყებას საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებული აქვს, რომელიც ჯერ მთავრობას შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.

ცვლილებების მიხედვით, ასევე მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომლების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება.

უფრო კონკრეტულად, როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განუცხადა, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია – რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

საერთო ჯამში კი შსს გეგმავს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები გაამკაცროს, მათ შორის გამკაცრდება აღნიშნული სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაწილიც.

გარდა ამ ცვლილებისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციის სახით შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობაც. კერძოდ, თუ მძღოლი სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდება, მას მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც შეიძლება შეეფარდოს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი