Solomun-ის ორსაათიან შოუს 20 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო

ანაკლია-განმხუხურის ტურისტულ ზონაში, ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი „Gem-fest-2017” გრძელდება. ამჯერად, მთავარ სცენაზე მსოფლიოში საუკეთესო არტისტმა, Solomun-მა დაუკრა. სპეციალურად ამ საღამოსთვის არტისტის ათასობით თაყვანისმცემელი შეიკრიბა ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მსოფლიო დონის ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს ორ საათიანი შოუ-პროგრამა შესთავაზა, სადაც მან თავისი ძველი და ახალი ჰიტი დაუკრა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ანაკლიაში 3 წლის წინ დაფუძნდა წელს მსოფლიო რეკორდს ხსნის და ერთ თვეს გასტანს. წლევანდელი „Gem-fest“-ი ხანგრძლივობათან ერთად, ყველაზე მეტი ღონისძიების ორგანიზებითაც გამოირჩევა, ფესტივალის ფარგლებში 2 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება უკვე გაიმართა. Solomun-ის შემდეგ კი მთავარ სცენაზე ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავები დაუკრავენ როგორებიცაა: Axwell Λ Ingrosso, Swanky Tunes, Boris Brejcha, Paul Kalkbrenner. ,,Gem-fest”-ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას თქმით, Solomun-ის კონცერტზე ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. მხოლოდ ამ კონცერტზე ვიზიტორების რაოდენობამ 20 000-ზე მეტს მიაღწია.

ფესტივალი 14 აგვისტოს გრანდიოზულად დაიხურება და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს მომდევნო წლამდე დაემშვიდობება, მანამდე კი ფესტივალის ორგანიზატორები დამსვენებლებს და ტურისტებს ბევრ საინტერესო სიახლეებს და სიურპრიზებს პირდებათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი