16 ნოემბერს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine – ის ვიცე პრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი ანაკლიას ეწვევიან. კომპანიის წარმომადგენლები პორტის პროექტის ტერიტორიას მოინახულებენ. ანაკლიაში SSA Marine-ის მენეჯმენტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და კომპანიის გუნდი უმასპინძლებს.
მსხვილი ამერიკული ტერმინალ-ოპერატორის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან და კვირის განმავლობაში შეხვედრებს სხვადასხვა უწყებებთან თბილისსა და ბათუმშიც გამართავენ.
ცნობისთვის – „SSA Marine-ი“ ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა. „კონტი ჯგუფის“ შემდეგ „SSA Marine-ი“ მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს.
კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა და პროექტის ერთ-ერთ ინვესტორი გახდა.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი „SSA Marine-ი“ ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.