თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესი იყო – გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, მათ შორის ფრანს 24-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნათა ზრდას ეხებოდა.

„რა თქმა უნდა, მეც ვადასტურებ, რომ ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაში საფრანგეთთან მიმართებით გვაქვს და ეს ფაქტია, ეს არის ჩვეულებრივი სტატისტიკა. ამის ახსნა შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს გეგმა იქნება შედეგიანი, ისევე როგორც მსგავსი გეგმები ჩვენ განვახორციელეთ ევროპის სხვა ქვეყნებთანაც და იქ პოზიტიური შედეგი უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა, საფრანგეთთან მიმართებაში, ეს ისტორიული სიახლოვე საქართველო-საფრანგეთს შორის, თუნდაც კულტურულ დონეზე, არის დამატებითი მოტივი იმისთვის, რომ საფრანგეთის მიმართულებით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკადი ცოტა უფრო მაღალია და ამას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება შესაბამისი პასუხი, როგორც უფრო მეტი ორგანიზებულობა, მეტი კონცენტრაცია, რაც ჩვენ დღეს დავგეგმეთ. საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ჩვენ ოფიციალურად გვეყოლება ჩვენი საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლები.

ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით ამ ციფრებს შევამცირებთ. 400 ათასზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში, მათმა უდიდესმა უმრავლესობამ ყველანაირი კანონის სრული შესაბამისობით. არანაირი კანონი ამ ხალხს არ დაურღვევია. მათი უდიდესი უმრავლესობა დაბრუნდა საქართველოში და უფრო მეტი ევროპა მოიტანეს საქართველოში, ისევე როგორც მეტი კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი