თუ დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედია დაასახელებთ ე.წ. მაყურებელს – წულუკიანი ლომჯარიას

თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ მაყურებელი, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას.

„არ უნდა მიწევდეს თქვენს მაგივრად პროკურატურისთვის მიმართვა თქვენი ანგარიშის მიღების შედეგად. მე ეს ანგარიში გადავაგზავნე პროკურატურაში და მოვითხოვე გამოძიების დაწყება იმიტომ, რომ თქვენ საუბრობთ დანაშაულებზე, რომელიც ამ დაწესებულებებში მომხდარია ან მიმდინარეობს და არ გსურთ თქვათ გვარები. ქალბატონო ნინო, თქვენი მთავარი მეთოდი ვერ იქნება ომერტა, იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ. მაყურებელი, გვარი, სახელი, ვინ ვის მოსთხოვა იმიტომ, რომ თქვენ გარჩევებსაც კი აღწერთ ძალიან ზედაპირულად, მაგრამ აღწერთ. თუ თქვენ აღწერთ, ე.ი. შეესწარით კიდეც, თუ არ შეესწარით, ვიღაცამ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული. ამიტომ მე მოველი, რომ თქვენ და თქვენი თანამშრომლები ითანამშრომლებთ გამოძიებასთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი