ტურისტი, რომელსაც ბოლო 72 საათში PCR ტესტი არ ექნება გაკეთებული, ქვეყანაში ვერ შემოვა – პრემიერი

საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72- საათიანი PCR ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ საქართველოში არ შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ეს ტექნოლოგიური პროტოკოლები უკვე დამუშავებულია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში. მაგალითად, საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72- საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ საქართველოში არ შემოვა. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში უკვე კოვიდპასპორტის თემას განიხილავენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყანაშიც შევქმნით შიგნით ამ PCR ტესტების აღების შესაძლებლობას, ასეთი შემთხვევები თუ იშვიათად გვექნება, რომ ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი გაკეთებული არ ექნება, მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი წესი იქნება დაცული. გარდა ამისა, ეს ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმრო კომპლექსებში, რომლებსაც ასევე ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული კონკრეტული ნებართვა შემოწმების შემდგომ, რომ ისინი ითვალისწინებენ და იქ დანერგილია ყველა პროტოკოლი. სხვა შემთხვევაში ჩვენ, უბრალოდ, რეპუტაციულად ჩვენი ტურიზმის ბრენდსა და სექტორს ვაყენებთ რისკის ქვეშ. ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე. პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, სამზარეულოს, ღვინოს, სიმღერას, სტუმარ- მასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი, საქართველო როგორც კოვიდისგან თავისუფალი და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გახარიას თქმით, პირველ ეტაპზე საზღვრის კვეთა საქართველოს ან ორმაგი მოქალაქეებისთვის იქნება ნებადართული. მისი თქმით, რისკების გამო, მთავრობა ცდილობს, საზღვრების გახსნას შორის პერიოდი იყოს ისეთი, რაც საინკუბაციო პერიოდზე დაკვირვებას შესაძლებელს გახდის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი