თვითმმართველობებში მოსალოდნელ ცვლილებებზე ზუგდიდში დისკუსია გაიმართა

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამავე ცენტრის ორგანიზებით, თემაზე “თვითმმართველობის რეფორმა და მისი შედეგები” დისკუსია გაიმართა.

შეხვედრაზე მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი  კოკა კიღურაძე იყო მიწვეული, რომელმაც როგორც უკვე განხორციელებული რეფორმის, ისე შესაძლო ცვლილებების შედეგებზე ისაუბრა.

“ქალაქების სტატუსის გაუქმება ცალსახად განვითარების პროცესის შეფერხებას გამოიწვევს. მარტივი ლოგიკაა, ქალაქებს და სოფლებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი თვითმმართველობები, რადგან მათ ერთმანეთისგან განსხვავებული პრიორიტეტული საჭიროებები გააჩნიათ, ასევე ბიუჯეტი. წინა ხელისუფლების დროს ორივე ტიპის მუნიციპალიტეტი გაერთიანებული იყო, ამიტომ ეს პერიოდი გვაძლევს დაკვირვების და შედარების საშუალებას. ამ დაკვირვების თანახმად, ვფიქრობ, ქალაქების გაუქმება იქნება მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი არამხოლოდ დემოკრატიზაციის, არამედ სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. მათ შორის, საუბარია მიგრაციულ პროცესებზეც, როცა ქალაქი იქცა „ე.წ. თავკომბალად“. მუნიციპალური ცენტრების გაჩენა ხელს შეუწყობს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და მოქალაქეების თანაბრად გადანაწილებას. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს არის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც ასე არ არის, რადგან ამ ლოგიკით რომ მივყვეთ, შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურების გაუქმებაც დაიწყონ. გარდა ამისა, თუ ავიღებთ მუნიციპალურ ააიპ-ებში და იურიდიულ პირებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას, რეალურად მანდ უფრო მეტი რესურსია ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდეს, ვიდრე ამ მიზნით ქალაქების გაუქმებაა“, – აღნიშნა კიღურაძემ.

კოკა კიღურაძემ ყურადღება ასევე გაამახვილა იმ მოლოდინებსა და დაპირებებზე, რაც კანონმდელობაშიც გაიწერა, რა უნდა მიეღო ქვეყანას თვითმმართველი ქალაქების გაზრდით და სოფლის მუნიციპალიტეტებთან გამიჯვნით. კერძოდ, მოსახლეობა უნდა გააქტიურებულიყო და ჩართულიყო გადაწყვეტილებების პროცესში, მომხდარიყო მეტი დეცენტრალიზაცია, მათ შორის ფინანსურად, ქონების გადაცემა, იურიდიული პირების ფუნქციონირების ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, რაც არ განხორციელებულა.

კოკა კიღურაძის თქმით, ერთ-ერთ ხარვეზს რეფორმის წარმოადგენდა ისიც, რომ სასოფლო მუნიციპალიტეტების ცენტრები ქალაქში დარჩა, არადა მიზანი მოსახლეობის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის მეტი სიახლოვე და კომუნიკაცია იყო”.

დისკუსიაში არასამთავრობო ორგანიზციებმა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი