საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ცვლილებები ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით მას შემდეგ განხორციელდება, რაც ისინი დაინახავენ, რომ ევროპული საქართველო მათთვის უსაფრთხო, წარმატების მიღწევისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნების გარემოა.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.
უწყების ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს გზავნილი აფხაზ და ოს მოქალაქეებთან არის – “ერთად ევროპაში”.
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ამ მიმართულებით, ამ ტერიტორიების და მისი მოსახლეების ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ცვლილებები იქნება მას შემდეგ და მაშინ, როდესაც ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები დაინახავენ, რომ მათთვის უკეთესია ერთიან საქართველოსთან ერთად ევროპაში ინტეგრირება და არა იმ პროექტში მონაწილეობა, რომელიც მათ გაცილებით უარეს პრობლემებს უქმნის, ვიდრე მათ წარმოედგინათ ოდესმე საქართველოში მათი ყოფნისას. ასე რომ, ჩვენი გზავნილი აფხაზ და ოს მოქალაქეებთან არის – “ერთად ევროპაში” . პრემიერ-მინისტრიც ამაზე საუბრობს, მეც ამაზე ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალვე აქ რამე შეიცვლება, ეს შეიცვლება მაშინ, როდესაც დაინახავს ეს ხალხი და ეს არ იქნება ორ თვეში, ამას დრო დასჭირდება, რომ ევროპული საქართველო, ევროპაში სრულად ინტეგრირებული საქართველო ეს არის მათთვის უსაფრთხო გარემო, ეს არის მათთვის წარმატების მიღწევის გარემო, ეს არის მათთვის და მათი შთამომავლებისთვის როგორც კულტურული იდენტობის, ასევე ოჯახური, ეროვნული და ადამიანური ამოცანების შესრულების ყველაზე მოკლე გზა. აი მაშინ ეს ყველაფერი მოხდება. პრემიერ მინისტრიც და მეც ამას ვამბობთ, მივმართავთ მათ – “ერთად ევროპისკენ”, სხვა შემთხვევაში, პრობლემები ექნებათ მათაც და ჩვენც“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.