ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს ორმხრივი ავიამიმოსვლა საქართველოსთან

“აშშ შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა “ამერიკის ხმის” სპეციალურ კორესპონდენტს სინდი სეინს განუცხადა.

„ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის – სანქციების დაწესებას.

“ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია”, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი