ვფიქრობ, სააკაშვილის მხრიდან ეს არის მორიგი მცდელობა, რომ მისი რეინკარნაცია მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულს, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნვას.
ღარიბაშვილის განცხადებით, 9-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, მსგავსი ქმედება კი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, გამოძევებული სააკაშვილი ერთხელ უკვე ნახეს და ეს მეორედაც მალე მოხდება.
„ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო მოქალაქეობა, რომელიც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო არამარტო ევროპის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ადამიანმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ შემდეგ როგორ სამარცხვიოდ გააძევეს ის უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან. მე ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.