,,ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა” „საპარტნიორო ფონდთან“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო. პროგრამის პრეზენტაცია სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შედგა.
შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, სასწავლო პროგრამის მიზანია, მაღალი ხარისხის ჩაის გადამუშავების და მექანიზირებული ოპერირების ტექნოლოგიების გაცნობა.
ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 000 დოლარს შეადგენს რამდენიმე ნაწილისგან შედგება და სასწავლო პროგრამას, ჩაის პლანტაციის გაშენებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.
„ჩვენს ქვეყანას ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობები გაააჩნია და რაც მთავარია, აზიის და ევროპის ბაზრებზე დამკვიდრების კარგი შესაძლებლობა აქვს. საპარტნიორო ფონდისა და “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის” ერთობლივ პროექტით, საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომელიც საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობის, ხარისხის ამაღლებას და რეგიონებში დასაქმებას შეუწყობს ხელს.“- განაცხადა შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავა.
საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებში ჩინურმა მხარემ სოფლის მეურმეობის სამინიტოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გააფორმა, რომელიც ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევებს, საერთო პროექტების შემუშავებას, ჩაის სადემონსტრაციო პლანტაციების შექმნას, ახალი ჩაის პლანტაციების გაშენებას და არსებულის რეაბილიტაციას, ჩაის ხარისხის გაუმჯობესებას და საერთო ძალებით მუშაობას გულისხმობს.