ხმაური ზუგდიდის საკრებულოში, გაქცეული თავმჯდომარე და მიღებული გადაწყვეტილება

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დღეს მუნიციპალიტეტების შერწყმასთან დაკავშირებით სამთავრობო წინადადების მხარდაჭერის საკითხი განიხილა. სხდომა, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს თავდაპირველად საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დეპუტატი ანა წითლიძე დაუპირისპირდნენ, რადგან იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მიერ საკითხის განხილვისას შეროზიამ წითლიძეს კითხვების დასმის უფლება არ მისცა. მოგვიანებით დაპირისპირება წითლიძესა და ყოფილ “რესპუბლიკელ” თენგო ქოჩუას შორის მოხდა, რაც უშვერი სიტყვებით მიმართვამდეც მივიდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზი დღეს ორჯერ დატოვა, თუმცა შესვენება მის მაგივრად მისმა მოადგილემ გამოაცხადა. დარბაზიდან გასვლის შემდეგ შეროზია ზუგდიდის ვიცე-მერის კაბინეტში იმყოფებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საიდანაც ასევე ყვირილის და დაპირისპირების ხმა ისმოდა.

სხდომაზე დაბრუნებისას საკრებულოს თავმჯდოამარემ სამთავრობო ინიციატივის მხარდაჭერის საკითხზე კენჭისყრა ისე გამოაცხადა, რომ არ განუმარტავს, რას უყრიდნენ დეპუტატები კენჭს, სხდომათა დარბაზი კი საბოლოოდ შეძახილების ფონზე დატოვა, ისე, რომ კენჭისყრის შედეგები არ გამოუცხადებია.

მოგვიანებით კომენტარი გააკეთა მისმა მოადგილე თაზო ფაცაციამ, რომელმაც მოქალაქეების აზრის დაფიქსირების ხელის შეშლაში ანა წითლიძე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ იძულებულები გახდნენ, საკითხი კენჭისყრაზე მათი მოსმენის გარეშე დაეყენებინათ.

შეკრებილი მოქალაქეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და საკრებულოს უმრავლესობას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მათ აზრის დაფიქსირების საშუალება არ მისცეს.

ოპოზიციური პარტიები კი შეროზიას და საკრებულოს სხვა წევრებს, რომელთაც საკითხს მხარი დაუჭირეს, ბიძინა ივანიშვილის მონებს უწოდებენ.

მოგვიანებით დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოიზიცია ერთობლივი განცხადებით დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა შენიშვნებს შორის მთავარი საკრებულოს მიერ ხალხის აზრის გაუთვალისწინებლობაა.

მესამე სექტორმა დღეს დარღვევებზეც ისაუბრა, მათ შორის იმაზე, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელმაც ორჯერ დატოვა სხდომა, დაბრუნებისას სამთავრობო წინადადების მხარდაჭერის საკითხი ისე დააყენა კენჭისყრაზე, რომ არ განუმარტავს რა საკითხს აყენებდა და მხოლოდ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ეს საკითხი მუნიციპალიტეტების შერწყმის თაობაზე სამთავრობო წინადადების მხარდაჭერა იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი