ხობი ფოთს ახალი უახლოესი გზით დაუკავშირდება

ხობი ფოთს უახლესი გზით დაუკავშირდება. ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის სადგურის  დამაკავშირებელი  10,5 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხობის გამგებელთან ერთად გაეცნო.

ახალი გზის მშენებლობისთვის 6 მილიონამდე ლარი იხარჯება. გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის გარდა ეწყობა ხიდები, ტროტუარები, ეზოებში შესავლელები, სანიაღვრეები და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, ეს არის უახლოესი გზა, რომელიც ხობს ფოთთან აკავშირებს. ახალი გზა ქალაქ ხობში მდინარე ხობის ხიდთან იწყება, გაივლის სოფელ მეორე გურიფულს, გაღმა პირველ ხორგას, ახალსოფელს და რკინიგზის სადგურთან მთავრდება. ახალი გზა თეკლათი-ჭალადიდი-ფოთის ავტომაგისტრალს უკავშირდება“ განაცხადა ახალი გზის მშენებარე ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინასებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი