ყულევის ნავთობტერმინალში ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკი აშენდა

ყულევის ნავთობტერმინალში, ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი  ილია ელოშვილი, „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როვნაგ აბდულაევის განცხადებით, #5 ახალი რეზერვუარების პარკი  6 რეზერვუარისგან შედგება, რომელთა საერთო მოცულობა 60 000 მ3 შეადგენს. მისი განმარტებით, სხვადასხვა სახის პროდუქციის, მათ შორის – გაზოილის, ნავთის, ნახშირწყალბადის აირის კონდენსატის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის – მიღების, შენახვისა და დატვირთვის აშენებული ეს ობიექტი  გამიზნულია კასპიის რეგიონიდან ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტისათვის. მისივე თქმით, სამომავლოდ ობიექტზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავარაუდო ტვირთბრუნვა ყოველწლიურად  1 500 000 მტ. მიაღწევს.

 #6 ახალი რეზერვუარების პარკი კი შედგება 5 რეზერვუარისგან, პარკი დაპროექტებულია თხევადი პიროლიზის ფისის, იზოპროპილის სპირტისა და სამრეწველო ზეთის შესანახად.

ტერმინალზე დამატებითი პარკების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.

შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მართვის ინტეგრირებული სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001, ISO 1400 & OHSAS 18001 სტანდარტების შესაბამისად -UKAS აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანიზაციის შპს “Moody International”-ის მიერ 2008 წელს.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი