ყველაფერი, რაც ლოგისტიკას უკავშირდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციების სხდომაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საუბრისას.
„ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული საპორტო ინფრასტრუქტურასთან, არის პრიორიტეტული და შესაბამისად ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაშიც არის პრიორიტეტული. სახელმწიფო ამას ადასტურებს თავისი ქმედებით, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით და ყველას კარგად გვახსოვს, არ დაგვავიწყდეს, რომ ანაკლიის პორტი არის ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც მოხვდა საქართველოს კონსტიტუციაში. შეუძლებელია სახელმწიფომ სხვა უფრო მაღალი დონის შეფასება მისცეს პროექტს, როგორც პროექტს და მის მნიშვნელობას ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არის ქვეყნის, სახელმწიფოსი და თითოეული მოქალაქის.
„უნდა გვესმოდეს ყველას, რომ თითოეული ლარი, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს ამ პროექტში და ასობით მილიონი აქვს უკვე დახარჯული, არის თითოეული ჩვენი მოქალაქის შენატანი პროექტის განხორციელებაში. ასევე ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამით სახელმწიფო, ყველა იმ ნაბიჯით, რასაც აკეთებს, იძენს უფლებას, მოითხოვოს კერძო მესაკუთრეებისგან ან კერძო პარტნიორებისგან მკაფიოდ თავიანთი ვალდებულებების შესაბამის ვადებში და ხარისხიანად შესრულება“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის კომერციული შემადგენელი კერძო ინვესტორების პასუხისმგებლობის ზონაა.