პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შს მინისტრს ვერ უკავშირდება.
პრეზიდენტმა ამასთან, მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას დაფიქსირებული აქტივობისთვის და დღის მეორე ნახევარში მათ მეტი აქტივობისკენ მოუწოდა.
„მე მინდა მივმართო ყველა ჩვენს მოქალაქეს და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები, აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალია აქტივობა და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი. ალბათ საჭიროა, რომ ეს გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარში და ველოდებით კიდევ უფრო მაღალ აქტივობას. არაჩვეულებრივი აქტივობაა, ასევე, საზღვარგარეთ, თუმცა იქ პირობები საკმაოდ მძიმე და რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი თანამემამულეები იქ მიდიან აქტიურად და მათ ძალიან დიდი მადლობა.
თუმცა, მე მინდა, ასევე, აღვნიშნო ძალიან ცუდი ფაქტები ძალადობის, რაც ხდება სხვადასხვა უბანზე – ხან მედიას აპარატურა დაუნგრიეს, ხან არის პირდაპირ ძალადობა, ჯგუფები არიან იქ შეკრებილი, რომლების ერთადერთი მიზანი არის, რომ იქ მოხდეს დაძაბულობა, კონფრონტაცია და ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, ასე რომ, არავინ არ შეშინდეს ამით. მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, იმიტომ, რომ არ შეიძლება, დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე. ეს ჩვენ არ გვეკადრება! ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მედიას, რომელიც ძალიან რთულ პირობებში მუშაობს – მათი ინფორმაციით ვართ ყველა და არაჩვეულებრივი გამბედაობა და ეფექტურობა დაამტკიცეს დღეს, მით უმეტეს, ქალებმა. დიდი მადლობა ყველას და ყველას მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ არ დაიზაროთ – წადით არჩევნებზე! ჩვენი ქვეყნის ბედი თქვენ ხელშია და თქვენი გადასაწყვეტია!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.