ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის 8 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია იბრძოლებს.
ამის შესახებ “Newsportal.ge”-სთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ლაშა გოგიას დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მმართველი გუნდი მის კანდიდატურაზე შეთანხმდა.
ლაშა გოგიას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ეკონომისტი-ფინანსისტის სპეციალობით, მაგისტრის ხარისხი. 2011წ. თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიარა სამაგისტრო და პროფესიული პროგრამების ბიზნეს-ადმინისტრირებისა და მართვის კურსი. 1998-2002 წლებში მუშაობდა სს საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალში, სავალუტო განყოფილების უფროსად; 2003 წელს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, თავმჯდომარის თანაშემწედ; 2004-2005 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 2005 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ზუგდიდის განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი; 2005-2006 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე; 2006-2008 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2008-2012 წლებში შპს „ქლინ ლაინის“ დირექტორი; 2012 წელს მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2014 წლიდან კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.