ივანიშვილი: “სამეგრელოში დევნილებთან დაკავშირებით სიტუაცია მართლაც მძიმეა”

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშილის განცხადებით, “დევნილებისთვის 100 ათასი ბინის აშენების შესახებ საჯაროდ განცხადება არასოდეს გაუკეთებია.

ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “Newsportal.ge”-ს კითხვას ახსოვს თუ არა მისი დაპირება და არის თუ არა საქმის კურსში, რა მდგომარეობაში არიან სამეგრელოში მცხოვრები დევნილები.

ყოფილი პრემიერის თქმით, ახალი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დევნილების პრობლემები გადაჭრას, თუმცა 4 წელიწადში ყველა პრობლემის მოგვარება რთულია.

„სამეგრელოში სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმეა. მოგეხსენებათ, 1000-ზე მეტმა დევნილმა მიიღო ბინა, 400-ს დაეხმარნენ კოტეჯების ყიდვაში, ხოლო 4 ათასს საკუთრებაში გადაეცა. ის რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და ნიღბიანები ასახლებდნენ და ყრიდნენ დევნილებს სახლებიდან, ახლა ამ ადამიანებს ყველაფერი დაუკანონდათ. დევნილების რაოდენობა აგვისტოს ომის შემდეგ გაიზარდა, როცა ამდენი პრობლემა მოახვიეს თავს საქართველოს. მეგობარი ქვეყნების მიერ გამოყოფილი თანხა 4.5 მილიარდი, რომ დაეხარჯათ დევნილებზე აქამდე ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დევნილებისთვის 26 კორპუსი შენდება და ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტება.

„ზუგდიდში, ფოთში, წყალტუბოსა და ქუთაისში შესაძლოა, აშენდეს 3 სართულიანი სახლები, სადაც პირველ 2 სართულზე დევნილები შესახლდებიან, ბოლო სართული კი სასტუმროს ბიზნესს მოხმარდება, რაც ასევე კარგია და ამ სასტუმრობეში იქვე მცხოვრები დევნილები დასაქმდებიან. დონორ კომპანიებთან ამ საკითხს ინტენსიურად განვიხილავთ და იმედი მაქვს, ჩვენ დევნილებს მალე გაუუმჯობესდებათ პირობები“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “აპრიორის” ხელმძღვანელი ბესო შენგელია გაზეთ “ქრონიკა +”-სტან 2012 წლის 3 სექტემბერს “ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშილისა და დევნილების შეხვედრის დეტალებზე საუბრობდა. შენგელიას ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრაზე დაპირდა ივანიშილი დევნილებს 100 ათას საცხოვრებელ ბინას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი