საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კოლექტიური საჩივარი შეიტანა, რომელიც ზუგდიდის გამგეობიდან თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებას გულისხმობს. საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ ჯემალ ჭკადუას თქმით, მათი ბენეფიციარები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. მისივე ინფორმაციით, საიას 8 ადამიანმა მიმართა იურიდიული დახმარების თხოვნით, თუმცა კიდევ 4 ადამიანი აპირებს ჩივილს სხვა ორგანიზაციის დახმარებით.
“Newsportal.ge” გათავისუფლებულ თანამშრომლებსაც ესაუბრა.
სოფელ ყულიშკარში გამგებლის უკვე ყოფილი წარმომადგენელი მიხეილ ქვარაია ამბობს, რომ გამგებელ ლაშა გოგიას რამდენიმე წელია მისი პირადი ინტერესი აქვს. ქვარაია მისი გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად ოქტომბრის არჩევნების შედეგებსაც ასახელებს.
“2013 წელს, როდესაც გოგია მმართველი პარტიის თავმჯდომარედ დაინიშნა, დამიბარეს და უსაფუძვლო ბრალდებები წამიყენეს. 2015 წელს იმავე კომისიამ, რომელმაც ახლა სამსახურიდან გამიშვა, ამ თანამდებობაზე დამნიშნა. ერთი წლის განმავლობაში არანაირი საყვედური არ მიმიღია, ახლა რა შეიცვალა? თუ მაშინ ვაკმაყოფილებდი ყველანაირ კრიტერიუმს, ახლა რატომ ვეღარ ვაკმაყოფილებ. მე ვფიქრობ, რომ გარდა პირადი დამოკიდებულებისა, წლევანდელი არჩევნებიც კავშირშია ამ გადაწყვეტილებასთან, რადგან ჩემს სოფელში “ოცნებამ” სასურველი შედეგი ვერ დადო”, – აცხადებს ქვარაია.
სოფელ აბასთუმნის რწმუნებული ვახტანგ კუტალია კი მის გათავისუფლებას “რესპუბლიკური პარტიის” წევრობას უკავშირებს.
ორივე მათგანი გადაწყვეტილების გაუქმებას და თანამდებობებზე აღდგენას ითხოვს.