ზუგდიდის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ცრუ ჩვენების მიცემის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბ-მ იმისათვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი