ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 9 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა. ლაშა გოგიამ საზოგადოებას განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გამგებელმა ასევე წარმოადგინა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული პროგრამები.
გამგებელმა, ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას.
“2016 წლის დეკემბრიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 36 მილიონი ლარის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხოერციელდა. ამჟამად მიმდინარეობს 22 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. 9 თვის განმავლობაში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 624 მეტრ გზას. გზებზე მოეწყო გარე განათების ბოძები, რისთვისაც 111 000 ლარი დაიხარჯა. 2016 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე წყალმომარაგების ქსელი მოეწყო 7812 მეტრზე რისთვისაც, 314 930 ლარი დაიხარჯა. ამჟამად, წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს 24 636 მეტრზე, შენდება 4 ავზი, სამუშაოების სრული ღირებულება 826 067 ლარს შეადგენს”. – აღნიშნა შეხვედრაზე გამგებელმა.
ლაშა გოგიამ ანგარიშის მიმდინარეობისას ყურადღება გაამახვილა გამგეობის სოციალურ პროგრამაზე. მისის თქმით, პროგრამით 6 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
“დეკემბრიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამებით 6 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ამ ხნის განმავლობაში სოციალურ პროგრამებზე 400 ათას ლარამდე დაიხარჯა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით კი 1 311 მოქალაქე დაფინანსდა. სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა”, – განაცხადა გამგებელმა.
გამგებელმა საზოგადოებას მუნიციპალიტეტის განვითარების 4 წლიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც საკრებულოს მიერაა დამტკიცებული.
“2018 – 2021 წლებში აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 70-მდე გზას, რითაც მუნიციპალიტეტის სოფლბში ცენტრალურ და შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის ყველა პრობლემურ ნაწილი მოწესრიგდება. აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 14 ხიდს. განხორციელდება წყალმომარაგების 15 პროექტი. აშენდება და სრული რეაბილიტაცია ჩავუტარება 22 საბავშვო ბაღს, აშენდება 4 სპორტული მოედანი. განხორციელდება მელიორაციის, სანიაღვრეების, ნაპირსამაგრების პროექტები. კეთილმოეწყობა პარკები, სოფლის ცენტრები, აშენდებათ მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები, ამბულატორიები, დამონტაჯდება გარეგანათებები”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლაშა გოგიამ.
გამგებლის ანგარიშს ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო სექტორი, მედია და ადგილობრივი ხელისუფლება ესწრებოდა.