ზუგდიდის საკრებულოს ნონა გაფრინდაშვილის ძეგლის დადგმის ინიციატივით მიმართეს

ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა სპორტსმენებმა ქალაქის საკრებულოს ზუგდიდში, ჭადრაკის სასახლის წინ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ძეგლის დადგმის ინიციატივით მიმართეს.

საკითხის პირველი განხილვა ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიაში უკვე გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე გუგა ლაგვილავას თქმით, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ძეგლის დადგმის საკითხი ადამიანთა მცირე ჯგუფის გადასაწყვეტი არ არის და ამას ფართო კონსულტაციები სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ნონა გაფრინდაშვილი არის ცოცხალი ლეგენდა და არა მხოლოდ ზუგდიდისა და საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის ნამდვილად დიდი სპორტსმენია. ვფიქრობ, ამ საკითხს ფართო განხილვა სჭირდება, მათ შორის, თავად ქალბატონ ნონასთან და ამის შემდეგ გადაწყდება საკითხზე მუშაობა“, – აცხადებს ლაგვილავა.

ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილს 2017 წელს საპატიო ზუგდიდელის წოდებაც მიენიჭა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი