ზუგდიდის სხვადასხვა სასწავლებლის 150-მა სტუდენტმა თბილისის ტექნოპარკი დაათვალიერა. მათ ტექნოპარკში ინოვაციებზე საჯარო ლექციას მოუსმინეს, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გუბერნატორმა მიმართა და ამცნო, რომ ზუგდიდის ტექნოპარკი ფუნქციონირებას ძალიან მალე შეძლებს.
„ყველა თქვენგანის სახეზე ვატყობ აღფრთოვანებას ამ თანამედრო ტექნოლოგიებით და გარემოთი რაც აქ არის. ეს ახალი შესაძლებლობებია თქვენთვის მომავალი თაობისთვის, თუმცა უფრო ბედნიერი ვარ, რომ თბილისის ტექნოპარკის შემდეგ, რეგიონებიდან პირველი სადაც ეს ინოვაცია დაინერგება ჩვენი რეგიონი იქნება. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, იმუშაოთ, გამოიგონოთ, დანერგოთ ისეთ გარემოში, რომელიც უშუალოდ თქვენთვის და თქვენს მოთხოვნებზე იქნება მორგებული. ტექნოპარკი ზუგდიდში გვექნება ძალიან მალე, რადგან ამ საქმით დაინტერესებულია საქართველოს მთავრობა.ყველაფერი კეთდება, იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე თქვენ გქონდეთ ის შესაძლებლობები რაც აქ დღეს ნახეთ“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.
ზუგდიდის ტექნოპარკმა თანამშრომლებზე ვაკანსია უკვე გამოაცხადა, მიმდინარე თვის ბოლოს კი ტექნოპარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.
სტუდენტების მიერ ტექნოპარკის დათვალიერება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით და ზუგდიდის მერიისა და გამგეობის მხარდაჭერით მოხდა. ტექნოპარკის დათვალიერებას გუბერნატორი სტუდენტებს მათთან შეხვედრის დროს დაპირდა.