2020 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 500 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
აღნიშნული ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრისას გააჟღერა.
შეხვედრაზე 2020 წელს საჯარო სკოლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს და არსებული საჭიროებები განიხილეს.
,,ვიცი რომ სკოლებში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ამას ეტაპობრივად აუცილებლად მოვაგვარებთ, მიმდინარე წელს 1 500 000 ლარი სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის იხარჯება, ეს პროცესი მზარდია და 2020 წელს სკოლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 500 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. პრიორიტეტები რა თქმა უნდა თქვენთან კონსულტაციის შედეგად შეირჩევა. წელს 5 ახალი საჯარო სკოლა გვექნება, სრულად რეაბილიტირდება ზუგდიდის N 3 საჯარო სკოლაც. ის სამუშაოები რაც ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში მიმდინარეობს სასწავლო წლის დაწყებამდე აუცილებლად დასრულდება. მოსწავლეეებისთვის ნორმალური საგანმანათლებლო პირობების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია“-აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, საჯარო სკოლის დირექტორები, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია ესწრებოდა.