ზუგდიდის მერიაში მეორე საჯარო სკოლის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრასთან და ენმ-ს ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე ვიცე-მერმა გია გულორდავამ განაცხადა, მათი მხრიდან შეხვედრის ჩატარების აკრძალვა არ მომხდარა და მხოლოდ რეკომენდაცია გაიცა, რომ შეკრება სასწავლო პროცესის ხელისშეშლის თავიდან ასაცილებლად სხვა ადგილზე ჩატარებულიყო.
„რომ არ მომხდარიყო სასწავლო პროცესის შეფერხება, შეხვედრის იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე, სკეიტ-პარკში ჩატარების რეკომენდაცია გავეცით. ფართოდ გაშლილი ტერიტორიაა, უფრო მოსახერხებელია. ალრძალვა არ ყოფილა, უბრალოდ რეკომენდაცია გავუწიეთ. ეტყობა, ძალიან გაუჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების ხარჯზე სურს რიგების შევსება“, – აცხადებს გულორდავა.
მიუხედავად მერიის სარეკომენდაციო წერილისა, „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრისთვის მეორე საჯარო სკოლის წინ სამზადისი უკვე დაიწყო. შეხვედრა 14:00 საათზეა დაგეგმილი.