ზუგდიდის გამგეობაში მოქმედმა უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ პრიორიტეტული ოჯახები გამოავლინა.
კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი სახლები ამ ეტაპზე ახალაბასთუმანის, ოქტომბერის, კოკის, ახალკახათის, დარჩელის, ორულუს, ცაცხვის, ცაიშის, ურთას, ჭითაწყარის, ჯუმის, ახალსოფელის, ნაწულუკუს,რიყეს, ტყაიას, ჩხორიას, ჭკადუაშის, გრიგოლიშის, ყულიშკარისა და ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ 20 ბენეფიციარ ოჯახს აუშენდება.
,,პირადად ვესტუმრეთ იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა საცხოვრებელ სახლს აუშენებს, ამით სარგებელს 100 ადამიანი მიიღებს, მათგან 42 ბავშვია. ამ ეტაპზე 20 ოჯახს გავახარებთ და წლის ბოლომდე მათ კიდევ 7 ოჯახი დაემატება“, – აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ.