გიორგი ლუკავას მეუღლის მტკიცებით, მისი ქმარი 55 დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ შეიწყალა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ქართულმა მხარემ ენგურის ხიდის გავლით ე.წ. საზღვარი ცოტა ხნის წინ გადაკვეთა.

გადასვლამდე ენგურის ხიდთან სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძეს ენგურის პატიმარ გიორგი ლუკავას მეუღლე შეხვდა.

ლალი ბასარიას ინფორმაციით, მისი მეუღლე ორი თვის წინ შეიწყალა აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ, თუმცა მხარეები მის გაცვლას აპირებენ და სწორედ ამიტომ არ ხდება მისი გათავისუფლება ამ დრომდე.

“აპირებენ გაცვლას ისეთ პირებზე, რომელტა გადაცემისაც ეშინია ქართულ მხარეს და ამიტომ არ ხდება ამ დრომდე ჩემი მეუღლის გათავისუფლება. მოვითხოვ, ქართულმა მხარემ გადაიხადოს ფული და ჩემი მეუღლე გაათავისუფლონ”, – აცხადებს ლალი ბასარია.

კახაბერ ქემოკლიძის თქმით კი, საქართველოს ხელისუფლება ლუკავას და სხვა პატიმრების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. რაც შეეხება ლუკავას შეწყალების საკითხს, ქემოკლიძის თქმით, ქართული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არაა.

ცნობისთვის, გიორგი ლუკავას ბრალად ედება აფხაზეთის ომში ერთ-ერთი სეპარატისრტული დაჯგუფების “ტყის საძმოს” მეთაურობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი