შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, თანამდებობა დატოვა. საბანაძემ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

საბანაძე გადაგომის მიზეზად მედიაში გასულ სიუჟეტებს ასახელებს. მისი თქმით, საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძება უნდა ჩატარდეს.

“მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.

ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში”, – წერს საბანაძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი