27 მაისს გალში IPRM-ის საგანგებო შეხვედრა გაიმართება

ქართული მხარის მოთხოვნით, 2016 წლის 27 მაისს, ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხს დააყენებს.

“აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. ამასთან, 24 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა რუს კოლეგას გრიგორი კარასინს ტელეფონით დაუკავშირდა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაუყოვნებლივ ჩატარების საკითხი განიხილა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი