60 წლის წინ სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს აჩუქეს

60 წლის წინ სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან ჩამოტანილი, პოდოკარპუსისა და კიპარისის ჯიშის ხეები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შეემატა.

უნიკალური ჯიშის ხეები შალვა გულუას შთამომავლებმა ბოტანიკურ ბაღს უსასყიდლოდ გადასცეს. აღნიშნული ხეები ბოტანიკურ ბაღში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად დაათვალიერა და ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

,,ზუგდიდს მალე განახლებული ბოტანიკური ბაღი ექნება, რომელიც ზუგდიდელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად და მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად ჩამოყალიბდება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ბაღის მთელ პერიმეტრზე შეიცვალა ღობე, მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემა, დასრულდა მებაღის სახლის, დამხამარე ნაგებობის, ორანჟერეას, საზოგადოებრივი საპირფარეშოს, დაცვისა და სალაროს ჯიხურების მშენებლობა.

დასრულებულია ტბორების მოპირკეთება. მიმდინარეობს შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობისა და გარე განათების მოწყობის სამუშაოები. ირგვება ახალი მცენარეები.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი