79 წლის ზუგდიდელმა მოხუცმა 8 თვის შემდეგ შიმშილობა ისევ დაიწყო – რას ითხოვს ციალა ჯოჯუა

ზუგდიდის მერიასთან 79 წლის ციალა ჯოჯუამ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით შიმშლობა დაიწყო.

როგორც ჯოჯუას შვილი ლალი ცირდავა “newsportal.ge”-სთან საუბრისას განმარტავს, ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკუთარი ბინის დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს, რომელიც, მისივე მტკიცებით, თაღლითური გზით წაართვეს.

ციალა ჯოჯუას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, რის გამოც მერიის შენობასთან სპეციალური სავარძელ-ეტლით ზის.

მისი შვილის თქმით, გასულ წელს გამართული აქციების შემდეგ აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოგი თოდუა დააკმაყოფილეს, მისი ოჯახი კი არა. ლალი ცირდავას მტკიცებით, თოდუას საცხოვრებელი ფართის მიღებაში ქალაქის მერია და საკრებულო დაეხმარნენ.

ზუგდიდის მერიაში კი განმარტავენ, რომ კომპეტენციის ფარგლებში ციალა ჯოჯუას ოჯახს დახმარება უკვე გაუწიეს, სხვა კომენატრს უწყებაში აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ციალა ჯოჯუა გასულ წელს იგივე მოთხოვნებით ზუგდიდის გამგეობის წინ შმშილობდა. ქალაქის თვითმმართველი ორგანოები მაშინ მოხუც ქალბატონს იმ ბინის გარემონტებას დაპირდნენ, რომელშიც ცხოვრობდა, რის შემდეგაც  ჯოჯუამ შიმშილობა შეწყვიტა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი