9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული

2019 წლის 9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

“2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) რეგისტრირებულ იქნა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა.

ასევე, 2019 წლის 9 თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, გენერალური პროკურატურისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 16 პირი.

2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

• ოჯახის წევრი/მშობელი – 53%

• დაზარალებული ბავშვი – 8%

• სოციალური მომსახურების სააგენტო – 6%

• მანდატურის სამსახური – 6%

• სკოლა – 4%

• მეზობელი – 3%

• ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები – 1%

• არასამთავრობო ორგანიზაცია – 1%

• სხვა – 18%

მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე”, – განაცხადა ცაციაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი